[color=994422]იულონის სამინისტრომ ქართულ დიასპორებში სკანდალები გამოიწვია [/color]
დიასპორების სამინისტრო თითქოს ამუშავდა, მაგრამ ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს უწყება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების პრობლემას კარგახანს კიდევ ვერ მოაგვარებს, სიმართლესთან ახლოსაა. გასულ კვირას "ჯორჯიან თაიმსში" იულონ გაგოშიძის ინტერვიუ დაიბეჭდა. ამ პუბლიკაციის შემდეგ, რუსეთში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაცია "ლაზარეს" ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბიგვავა გამოგვეხმაურა და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ამ სამინისტროს შექმნამ ქართული დიასპორა რუსეთში კი არ გააერთიანა, კიდევ უფრო დააქუცმაცა. ყველაფერ ამის მიზეზი კი გაგოშიძის უწყებაში შექმნილი არაჯანსაღი გარემოა. ისე გამოვიდა, რომ აქ "პირველი ვიოლინო" მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილია, სწორედ მისი მეგობრები წყვეტენ ისეთ საკითხებს, რაც, პირველ რიგში, გაგოშიძის მოვალეობაა. შედეგი კი სახეზეა.
"ჯორჯიან თაიმსი" ალექსანდრე ბიგვავას ესაუბრა
ალექსანდრე ბიგვავა: _ ცამეტი წელი მოსკოვში ვცხოვრობდი, რუსეთში აფხაზეთის ომის შემდეგ გადავსახლდი. ამ წლების განმავლობაში დიასპორის საქმეს მივდევდი და ვიცი, რომ იქ ნამდვილად სავალალო მდგომარეობაა. ჩვენი ორგანიზაცია ახალგაზრდული მოძრაობა "ლაზარე" მოსკოვში მუშაობს და მართლაც ქართულ საქმეს აკეთებს. შარშან დაარსდა ახალი ორგანიზაცია, რომელსაც მიხეილ ხუბუტია ხელმძღვანელობს _ ცნობილი პიროვნება, რომელსაც ვერც პატრიოტს ვუწოდებ და ვერც ქართველს.
_ რამდენადაც საქართველოში ამბები აღწევს, თქვენ სწორედ ხუბუტიას ორგანიზაციასთან გქონდათ დაპირისპირება...
_ დაპირისპირება მართლაც არსებობს, თუმცა ჩვენი ინიციატივით არა. ქართველთა კავშირი რუსეთში შეიქმნა რუსეთის ქართველთა საზოგადოების ნიადაგზე. ხუბუტიას პირადი ძმაკაცობა აკავშირებს ლუჟკოვთან, კობზონთან და სხვებთან. ასეთი ლოგიკის ფარგლებში თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი ფეესბეს დაკვეთით ხდება. ასეთი ვარაუდი "ლაზარეს" პრეზიდენტმა, ჯონი კვარაცხელიამ რუსეთ-საქართველოს ფეხბურთის მატჩის დროს გამოთქვა და ამის გამო დიდი წყრომაც დაიმსახურა.
_ ეს იყო მარტო სიტყვიერი დაპირისპირება, თუ საქმითაც გამოიხატა?
_ ეს იყო მუქარის ტონით დაწყებული დაპირისპირება, ხუბუტია კვარაცხელიას დაემუქრა, ასე თუ გააგრძელებ, გაგაქრობო.
_ ეს დაპირისპირება, ალბათ, მაშინ უფრო საგრძნობი გახდა, როცა საქართველოში დაბრუნებულმა დიასპორების სამინისტროს მიაკითხეთ...
_ ჩვენ წლების განმავლობაში ვოცნებობდით, რომ ასეთი უწყება დაარსებულიყო. ეს უნდა ყოფილიყო ღერძი, რომლის გარშემოც სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორები შეიკრიბებოდნენ. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რაც რუსეთში ხდება, ეს აუცილებლობა ნამდვილად არსებობდა. რუსეთში მოქმედებს ორკაციანი წარმონაქმნები, რომლებიც ვითომდა დიასპორის საკითხებზე მუშაობენ. მე საქართველოში დავბრუნდი საცხოვრებლად, ამიტომ ამ სამინისტროს მივაკითხე და სამსახური ვითხოვე. ვერ ვიტყვი, რომ ეს უაზრო უწყებაა, ასეთი ხდება მაშინ, როცა ისეთი ხალხის ხელში ჩავარდება, როგორშიც დღეს არის. ამ საკითხებს კოორდინაციას ვერ გაუწევს ის, ვინც არ იცის ინჩიბინჩი. შევხვდი გაგოშიძეს, მაგრამ ახლოს არანაირად გამიკარა. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, მაშინ როცა მივხვდი, რომ ვჭირდებოდი. ეს პირველი შეხვედრიდანვე მენიშნა. ჩვენს საუბარს ესწრებოდა თამარ მახარაშვილი, გაგოშიძის მოადგილე, რომელიც მოსკოვში გავიცანი და არცთუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა. მან მითხრა შემდეგი სიტყვები: რომც არ იმუშაოთ ამ სამინისტროში, იქნებ "ლაზარე" მაინც დაგვეკონტაქტოსო. ეს ფაქტობრივი უარი იყო.
_ ოფიციალური განაცხადი შეიტანეთ, რომ სამინისტროში გამართულ კონკურსში მონაწილეობის მიღება გსურდათ?
_ ყველანაირი საბუთი სამინისტროში მიტანილი მქონდა, მათ შორის რუსული გაზეთების ქსეროასლები ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის შესახებ. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ კონკურსანტთა სიებშიც ვერ მოვხვდი.
_ ამ უარს ხომ არ უკავშირებთ იმ დაპირისპირებას, რომელიც რუსეთში ქართულ ორგანიზაციებს შორის არსებობს?
_ ამის პირდაპირი საბუთი არ არსებობს, მაგრამ თამარ მახარაშვილს ყავს დაქალი ქეთი ჩალათაშვილი, რომელიც არის ხუბუტიას ორგანიზაციაში. მან კი გამოაცხადა, რომ თუ დიასპორებთან დაკავშირებით ვინმეს საქმე ექნებოდა, ჩალათაშვილისთვის უნდა მიგვემართა. თუმცა ქეთის იქ დიდი წონა არა აქვს, რუხი კარდინალის როლში იქ ნონა მატუაა, რომელიც ყველა ჩვენი წამოწყების ჩაშლას ცდილობდა. ქართული საზოგადოება დიდი ხნის ორგანიზაციაა, ის პროშევარდნაძისტული ორგანიზაცია იყო და "ვარდების რევოლუციის" დროს საპროტესტო აქციებით გამოდიოდა. სამინისტროში რომ `პირველი სკრიპკის~ როლს ქალბატონი თამარი თამაშობს, თუნდაც იმითიც ჩანს, რომ ყველა შეხვედრაზე დომინანტია. გაგოშიძე ამ სამინისტროში ნომინალურია, იულონი მას სულ თვალებში შესციცინებს. როცა გაგოშიძე მოსკოვში მიდიოდა, დავურეკე და დახმარება შევთავაზე. რა პროგრამით მივდივარ, არ ვიცი, ეს მახარაშვილს შეეკითხეო _ მითხრა.
_ ამბობენ, რომ ხუბუტია რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს. აქედან გამომდინარე იცავს რუსულ ინტერესებს. რატომ უნდა იყოს პრიორიტეტული დიასპორის სამინისტროსთვის მაგ ხალხთან ურთიერთობა, რატომ აქვს ორმაგ სტანდარტებს ადგილი?
_ ეს შეკითხვები მებადება და ამიტომ მწყდება გული და ამიტომ ვარ თქვენთან. ეს რევერანსები ხუბუტიას მიმართ ძალიან მაფიქრებს. ეს ადამიანი ვითომ ქართულ საქმეს აკეთებს, მაგრამ ქვეტექსტებს ჩვენ არ ვუფიქრდებით. ამას ის თვალის ასახვევად აკეთებს. იმისთვის, რომ ქართული ელექტორატი თავისკენ მიიზიდოს, ანუ გააკეთოს ის, რაც დავალებული აქვს. რუსეთში 600 ათასი ქართველი ცხოვრობს, რუსების ინტერესებში კი მათი სახელმწიფოსკენ შემობრუნება შედის. ამაზე მუშაობს ის. ის აჯილდოებს პენსიონერებს, იუბილარებს და ყველას.
_ ვიცით, რომ ხუბუტია მდიდარია, მაგრამ, არა მგონია, ასეთი ქველმოქმედიც იყოს, საიდან მოდის თანხები?
_ თანხები მას არ უჭირს, მაგრამ აქ სხვა ამბავთან გვაქვს საქმე. ავიღოთ გიორგაძის პარტიის ხალხი. რომ დადიოდა ბაზრებში და ქართველ მოვაჭრეებს ფულს ართმევდა, ამას ყველა დაგიმტკიცებთ. როცა მოსკოვში დაძაბული სიტუაცია იყო და ქართველებს პანტაპუნტით ყრიდნენ, მე და ჯონი კვარაცხელია კარდაკარ დავდიოდით, ისინი კი არსად გამოჩენილან. სად იყო ხუბუტია, მატუა და სხვები? ან თუნდაც თამარ მახარაშვილი.
© ნათია ვერძეული